- ოსტეოპოროზი
- ძვლოვანი ქსოვილის გაფაშრება და მისი სიმკვრივის დაქვეითება. იგი კლიმაქტერული სინდრომის სერიოზული პრობლემაა, რადგან 60 წელზე მეტი ასაკის ქალებს ემუქრებათ ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, კიდურების მოტეხილობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და სიკვდილი. ოსტეოპოროზი აქტიურად მიმდინარეობს მენოპაუზიდან 5-7 წლის მანძილზე. შედარებით ნაკლები ინტენსივობით ვითარდება ჭარბწონიან ქალებში, რაც აიხსნება ცხიმოვან ქსოვილებში ესტროგენების წარმოქმნით. ფიზიოლოგიურად, ძვალი იზრდება 35 წლამდე და ამ დროისთვის იგი აღწევს ძვლოვანი მასის პიკს. შემდგომ პერიოდში იწყება მისი მოცულობის ბუნებრივი დაქვეითება (წელი-წადში – არა უმეტეს 1%-ით, 70 წლის ასაკში კი შეადგენს 50%-ს). კლიმაქტერულ პერიოდში, ძვლოვანი მასის დაქვეითება მიმდინარეობს სწრაფად და ამ პროცესში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. კალციუმის ცვლაში გარკვეული როლი ეკუთვნის ვიტამინ „D“-ს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებიდან მინერალების შეწოვას. ოსტეოპოროზი ვლინდება ქრონიკული ტკივილით ხერხემლის არეში და მოძრაობის შეზღუდვით (რადიკულიტის იმიტაცია); ქალს ეცვლება ტანწყობა და მოძრაობის მანერა. არც თუ ისე იშვიათად ვითარდება ხერხემლის მალების მოტეხილობა, რაც გამოვლინდება ძლიერი ტკივილით ზურგის მიდამოში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს. მწვავე სიმპტომატიკა 3-5 კვირაში სუსტდება, ხოლო გამოჯანსაღებისათვის საჭიროა 3-4 თვე.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.